არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კიდევ ერთხელ აფრთხილებს საზოგადოებას, რომ უახლოეს დღეებში ირანმა ან მისმა ერთ-ერთმა მოკავშირემ შესაძლოა ისრაელზე თავდასხმა განახორციელოს.

"ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არიან როგორც თავდაცვისთვის, ისე შეტევისთვის. ჩვენ გვაქვს სადაზვერვო მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ ირანმა და მისმა მოკავშირეებმა შესაძლოა არჩევნების ჩასაშლელად ჩვენზე თავდასხმა სცადონ. მე ვაფრთხილებ მათ - ნუ გამოგვცდით. არაპროპორციულად ძლიერ დარტყმებს მიიღებთ", - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისინი იმაზე უფრო ძლიერები არიან, ვიდრე მოწინააღმდეგეებს ჰგონიათ.

"ჩვენ იმაზე ბევრად ძლიერები ვართ, ვიდრე თქვენ გგონიათ. ნუ შეგვაფასებთ არასათანადოდ. ნუ გამოგვცდით", - დასძინა ნეთანიაჰუმ.

მედიის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირმა გასულ კვირას დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ არჩევნებამდე ირანზე დარტყმის განხორციელების ოპერატიულ აუცილებლობას ვერ ხედავდა.