თავდამსხმელი, რომელმაც შაბათს, პოლონეთში, ქალაქ კრაკოვის ისტორიულ ცენტრალურ მოედანზე 6 ადამიანი მოკლა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
პოლონეთის პროკურატურამ შეიარაღებულ თავდასხმაზე გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო.
სამი დღის წინ, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, 24 წლის მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც დაიღუპა 6 და დაშავდა 17-მდე ადამიანი. თავდასხმიდან რამდენიმე საათში, სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული მისი მშობლებისა და დის ცხედრებიც აღმოაჩინეს. ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია 11 ცეცხლსასროლი იარაღი.
გაირკვა, რომ კაცს ულტრამემარჯვენე იდეოლოგია და რადიკალური, ულტრანაციონალისტური შეხედულებები ჰქონდა. მომხდარის გამო, პოლონეთში ორდღიანი გლოვა გამოცხადდა.
"ამ ეტაპზე, მხოლოდ იმის დადასტურება შეგვიძლია, რომ სამი ადამიანის ცხედარია აღმოჩენილი. თავდამსხმელის მშობლები და და. ბინაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რათა ცხედრები ექსპერტიზისთვის მომზადდეს. შემიძლია დავადასტურო, რომ ბინაში აღმოჩენილ ყველა ცხედარს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. შემთხვევის ადგილზე საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი რაოდენობა და შვიდი ცეცხლსასროლი იარაღი ამოვიღეთ. კრაკოვში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სულ ამოღებულია 11- ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი", - აცხადებს პროკურატურის პრესსპიკერი დანიელ პროკოპოვიჩი.
