„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევის თანახმად, 2010-2022 წლებში ელექტროენერგიის შიდა მოხმარება უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე გამომუშავება. შესაბამისად, დეფიციტის შესავსებად იმპორტიც გაიზარდა.
კვლევის თანახმად, იმპორტის ზრდამ და ლარის გაუფასურებამ ელექტროენერგიის ტარიფი მნიშვნელოვნად გაზარდა. ამასთან, იმპორტში ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების შუამავალი კომპანიები არიან ჩართული, რაც ასევე ელექტროენერგიას აძვირებს.
ამასთან, კვლევის მიხედვით, ბოლო წლებში რუსეთიდან იმპორტის ზრდის მიუხედავად, საქართველო რუსულ ელექტროენერგიაზე მნიშვნელოვნად არ არის დამოკიდებული.
"ბოლო 10 წელიწადში საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფები საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის 40%-ით გაიზარდა.
საქართველოში ბოლო წლებში ელექტროენერგიის იმპორტი შუამავალი კომპანიების მეშვეობით ხორციელდება, რომლებიც ყოფილ მაღალი თანამდებობის საჯარო მოხელეებს ეკუთვნით. შუამავალი კომპანიები ელექტროენერგიის იმპორტს მოგების მიღების მიზნით ახორციელებენ, რაც ტარიფს ზრდის. პასუხგაუცემელია კითხვა, რატომ გაჩნდა ამ პროცესში შუამავლების ჩართვის აუცილებლობა.
აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტში შუამავლად ყოფილი პრემიერ - მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის მიერ დაფუძნებული კომპანია „Elgreen Holdings Incorporated“ არის ჩართული.
რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტში შუამავლად შპს „ლუქს ენერჯი ტრეიდინგია“ ჩართული, რომლის 50.01% რუსულ „ინტერ რაოს“ ეკუთვნის, ხოლო 49.99% საქართველოს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკო) ყოფილ გენერალურ დირექტორს - ვახტანგ ამბოკაძეს," - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, 2011-2022 წლებში საქართველოში ელექტროენერგიის შიდა გამომუშავება 42%-ით გაიზარდა, ხოლო მოხმარება 68%-ით, რამაც იმპორტის მატება განაპირობა.
"2011-2022 წლებში იმპორტი 3-ჯერ გაიზარდა. 2010 წელს იმპორტის წილი ელექტროენერგიის მოხმარებაში 2.6% იყო. 2021 წელს მოხმარებაში იმპორტის წილმა 7.4%-ს მიაღწია, რისი მთავარი მიზეზი „ენგურჰესის“ ნაწილობრივ გაჩერება იყო. 2022 წელს იმპორტის წილი მოხმარებაში 4.5%-მდე შემცირდა. მაისი-სექტემბრის პერიოდში, როდესაც ჰესები მაღალი დატვირთვით მუშაობენ, საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტს ახორციელებს (თურქეთში და სომხეთში). მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, 2011-2022 წლებში 36%-ით არის შემცირებული.
2021 წელს საქართველოში მოხმარებული ყოველი 1 კვტ საათით 1.73 აშშ დოლარის საქონელი და მომსახურება შეიქმნა და ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 164-ე ადგილზე იყო. ეს კი ელექტროენერგიის საკმაოდ არაეფექტიან გამოყენებაზე მიუთითებს.
2022 წელს საწარმოებიდან ყველაზე მეტი - 1,067 მლნ კვტ სთ ელექტროენერგია „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ“ მოიხმარა, შემდეგ მოდის „რუსთავის აზოტი“ (260 მლნ კვტ სთ) და „ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია“ (213 მლნ კვტ სთ).
2021-2022 წლებში კრიპტოვალუტების გამომუშავებით დაკავებული კომპანიის „ბი ეფ დი სის“ წილი ელექტროენერგიის შიდა მოხმარებაში 2.2% იყო. ეს კომპანია თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ფუნქციონირებს და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს.
საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის 75%-მდე ჰესებზე მოდის, 24% - თბოელექტრო სადგურებზე (თეს) და 1%-მდე ქარის სადგურებზე. საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის 26% „ენგურჰესზე“ მოდის.
საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში არსებულ ელექტროსადგურებზე გამომუშავებული ელექტროენერგიის 61% მოდის, 13%-ს ჩეხური „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ჰეს-ები გამოიმუშავებენ, 7%-ს - უკრაინის მოქალაქეების საკუთრებაში არსებული ჰეს-ები," - აღნიშნულია ინფორმაციაში.
არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველო რუსულ ელექტროენერგიაზე მნიშვნელოვნად არ არის დამოკიდებული და რუსეთიდან ელექტროენერგიის სრულად შეწყვეტის შემთხვევაშიც კი, ქვეყანაში ენერგოკრიზისი არ შეიქმნება.
"2021 წელს იმპორტში რუსეთის წილი 25% იყო. 2022 წელს რუსეთის წილი იმპორტში 58%-მდე გაიზარდა, თუმცა, რუსული ელექტროენერგიის წილი საქართველოს შიდა მოხმარებაში მაინც დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდა - 2021 წელს 1.8% იყო, ხოლო 2022 წელს 2.6%.
რუსეთის მოქალაქეების და კომპანიების საკუთრებაში არსებულ ჰესებზე საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის მხოლოდ 5% მოდის. ეს ჰესებია: ხრამი ჰესი 1, ხრამი ჰესი 2, ლარსი ჰესი და შილდა ჰესი," - აღნიშნულია ინფორმაციაში.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეკომენდაციებია: "გამჭვირვალე უნდა იყოს, რამდენად ზრდის იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასს შუამავალი კომპანიების ფასნამატი. შუამავალი კომპანიების იმპორტში ჩართულობის საჭიროების დაუსაბუთებლობის შემთხვევაში, სახელმწიფომ ელექტროენერგია მათ გარეშე უნდა შეიძინოს.
საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მთავარი მიზანი ელექტროენერგიის მოხმარების ეფექტიანობის და შიდა გამომუშავების ზრდა უნდა იყოს", – ნათქვამია კვლევაში.