ფაშინიანის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც სომხეთში ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზის შექმნას ითვალისწინებს. სისტემაში თითოეული მობილური ტელეფონი მისი მფლობელის ვინაობასთან იქნება დაკავშირებული.

ახალი კანონპროექტის მიზნებსა და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრი საუბრობს.

"მთავარი პრინციპი ასეთია: მობილური ტელეფონი ჩაირთვება, მაგრამ სანამ არ დადასტურდება, რომ სომხეთის რესპუბლიკაში კანონიერი გზით შემოვიდა, ტელეფონი სომხეთის ტერიტორიაზე არ უნდა მუშაობდეს. ეს ნაბიჯი გამართლებულია. სხვათა შორის, ეს განხილვები ჩვენ დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ დავიწყეთ. დეტალურად ვიმსჯელეთ და აშკარაა, რომ ამ გადაწყვეტილებამდე უნდა მივიდეთ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მაკონტროლებელი ფუნქციები - მათ შორის ის მკაცრი ზომები, აღარ უნდა გავატაროთ. თუმცა, ცხადია, რომ აქ რადიკალური, სტანდარტიზებული და ცივილიზებული გადაწყვეტილებებია საჭირო," - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.