"ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე დარტყმების ახალი სერია განახორციელეს, - ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის ოფიციალურ პირებს, დარტყმების რეალური შედეგები ჯერ არ დაუდასტურებიათ.

"ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" განცხადების თანახმად, მოულოდნელი თავდასხმა განახორციელეს სირიაში მდებარე, აშშ-ის სპეციალური დანიშნულების ძალების ბაზა ალ-ტანფზე, რის შედეგადაც ვერტმფრენები განადგურდა და ცოცხალი ძალაც დაშავდა. ასევე, რაკეტებით დაარტყეს ქუვეითში მდებარე აშშ-ის ბაზას, რამაც მასიური ხანძარი გამოიწვია, რომელმაც მთელი ბაზა მოიცვა.

ირანულმა პარამილიტარულმა დაჯგუფებამ ასევე განაცხადა, რომ გაანადგურა ამერიკული რადარი სალამას კლდეებთან, ჰორმუზის სრუტეში, ასევე განახორციელა დრონებით იერიშები ქუვეითში მდებარე ამერიკულ ლოჯისტიკურ ცენტრებზე და ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე.

სხვა განცხადებაში, "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" აღნიშნა, რომ იორდანიაში რამდენიმე ამერიკული საწვავის გადამზიდი თვითმფრინავი და გამანადგურებელი ჩამოაგდო.

როგორც მედია წერს, აშშ-ის სამხედრო ძალებს "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" განცხადებებზე, რომლებიც ხშირად გადაჭარბებულია, პასუხი ჯერ არ გაუციათ.