ევროპამ რუსეთის წამყვანი თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) პროექტისგან 2026 წლის პირველ ნახევარში რეკორდული მოცულობის საწვავი შეიძინა.
როგორც Financial Times-ი წერს, ევროკავშირმა "იამალ LNG"-ის პროდუქციის თითქმის მთლიანი მოცულობა მას შემდეგ შეისყიდა, რაც რუსული გაზის იმპორტზე ევროკავშირის სრული აკრძალვის ამოქმედებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება.
ანალიტიკური კომპანია Kpler-ის მონაცემებზე დაყრდნობით, გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსული "ნოვატეკის" მიერ კონტროლირებადი პროექტიდან ევროკავშირის მიერ შესყიდულმა გაზმა წლის პირველ ექვს თვეში რეკორდულ 9.89 მილიონ ტონას მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით მეტია.
ეს ფაქტი ხაზს უსვამს იმ კრიტიკულ როლს, რომელსაც ევროპა კვლავ ასრულებს რუსეთის მთავარი ენერგეტიკული ობიექტის ფუნქციონირების შენარჩუნებაში, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე.
არასამთავრობო ორგანიზაცია Urgewald-ის შეფასებით, ევროპამ ამ ტვირთებისთვის შესაძლოა 6 მილიარდ ევრომდე გადაიხადა. მონაცემების მიხედვით, ევროკავშირში რუსული გაზის მთავარი იმპორტიორები საფრანგეთი, ბელგია და ესპანეთი არიან.
ექსპერტები ამ მაჩვენებლებს "შემაძრწუნებელს" უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ეს ხდება მაშინ, როდესაც რუსეთი აძლიერებს იერიშებს უკრაინის სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
Financial Times-ის ცნობით, 2027 წლის 1-ლი იანვრიდან ევროკავშირში რუსული LNG-ის გრძელვადიან იმპორტზე სრული აკრძალვა ამოქმედდება, რაც რუსეთს ალტერნატიული მარშრუტების ძიებას აიძულებს. მანამდე კი "იამალისთვის" ევროპული ბაზარი კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამავდროულად, აზიის მიმართულებით რუსული LNG-ის გადაზიდვები 74%-ით შემცირდა, რადგან საერთაშორისო გადამზიდი და სადაზღვევო კომპანიები ევროკავშირის სანქციების მოლოდინში რუსულ პროექტთან თანამშრომლობას ერიდებიან.
სტატიაში ასევე ხაზგასმულია, რომ "იამალ LNG"-ის ტანკერები კვლავ დიდად არიან დამოკიდებულნი ევროპულ გემთსაშენებზე სარემონტო მომსახურებისთვის, რაც ევროპას ამ სექტორში რუსეთის მთავარი პროექტის მხარდამჭერ პოზიციაში აყენებს. პროექტის აქციონერები, მათ შორის ფრანგული "TotalEnergies", აცხადებენ, რომ ევროკავშირის რეგულაციების ბუნდოვანების გამო, შესაძლოა, პროექტიდან ექსპორტის შეწყვეტა მოუწიოთ.
