თანამდებობის პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება - ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალდება დღეს წარედგინა. საქმე ეხება 2022 წელს, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლისთვის ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურის შეძენას.

გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული მილიონ 500 ათასიდან, 750 000 ლარი ირაკლი ღარიბაშვილს ხელზე გადასცა.

ახალი ბრალდება 11-იდან 15-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ირაკლი ღარიბაშვილთან რუსთავის ციხეში დღეს მისი ადვოკატი იმყოფებოდა.

"დღეს წარედგინა ბრალი, ბრიფინგზე როგორც გაცხადდა, ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები, ეს არის პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ქრთამის აღება", - განაცხადა ადვოკატმა ლილი გელაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე: რას ამბობს ბრალთან დაკავშირებით? ადვოკატმა უპასუხა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ბრალს არ აღიარებს და ბრალის დადგენილებისთვის ხელიც არ მოუწერია.

"მან ბრალის დადგენილებას, რა თქმა უნდა, ხელიც კი არ მოაწერა. ის არ აღიარებს წარდგენილ ბრალს და აპირებს, რა თქმა უნდა, სამართლებრივ ბრძოლას. მე მხოლოდ გავეცანი დადგენილებას, საქმის მასალებს ახლა გადმოგვცემენ", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილის უფლებადამცველმა.