აშშ-ში, დიზელის ფასზე კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და გალონზე საშუალო ფასმა 6 დოლარს გადააჭარბა, რადგან ვაშინგტონის მიერ ირანთან წარმოებული ომი მსოფლიოში საწვავის მიწოდების პროცესს აფერხებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

საავტომობილო ასოციაცია AAA-ის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით დიზელის საშუალო ფასი გალონზე 6,05 დოლარს შეადგენს. გასულ კვირას ეს მაჩვენებელი 5,85 დოლარი იყო, ხოლო გასული წლის ამავე პერიოდში - 3,70 დოლარს შეადგენდა.

გამოცემის ინფორმაციით, დიზელის გაზრდილი ფასები ნიშნავს, რომ ყოველდღიური მოხმარების მრავალი სახეობის საქონლის ტრანსპორტირება ძვირდება. ამის მიზეზი ის არის, რომ დიზელის საწვავი ფართოდ გამოიყენება სატვირთო გადაზიდვებისა და მიწოდების ქსელებში. ზოგიერთმა კომპანიამ, გაზრდილი ხარჯები უკვე მომხმარებლებს დააკისრა - ონლაინ შეკვეთებსა და საფოსტო გზავნილებზე დამატებითი გადასახადების სახით.

"მომხმარებლები სულ უფრო მეტად არიან შოკირებულები მაღალი ფასებით, განსაკუთრებით სასურსათო მაღაზიებში.

ძვირადღირებული დიზელის საწვავი განსაკუთრებით დიდ ზეწოლას ახდენს მალფუჭებად პროდუქტებზე, როგორიცაა ხორცი და ხილ-ბოსტნეული. ასეთი პროდუქციის ხშირი ტრანსპორტირება და მაღაზიებში მარაგის რეგულარული შევსებაა საჭირო. გარდა ამისა, მათი წარმოებისა და მოსავლის აღებისთვის ხშირად დიზელზე მომუშავე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას იყენებენ", - წერს Associated Press-ი.