ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა "ჰუსიტმა" მეამბოხეებმა წითელი ზღვის შესასვლელთან, ბაბ-ელ-მანდების სრუტეში მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის კუნძული დაიკავეს, რაც მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო მარშრუტის გამოყენებით, საუდის არაბეთის ნავთობის ექსპორტს დამატებით საფრთხეს უქმნის. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, სრუტეში მდებარე პატარა, უნაყოფო ვულკანური კუნძულის - მაიუნის დაკავება დაადასტურა როგორც იემენის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის მაღალი რანგის სამხედრო წარმომადგენელმა, ისე ჰუსიტების წარმომადგენელმა.

კუნძული, რომელიც ასევე ცნობილია როგორც პერიმი, იემენის დასავლეთ სანაპიროდან დაახლოებით ორი მილის დაშორებით მდებარეობს.

როგორც cbsnews-ი იტყობინება, "ჰუსიტმა" მეამბოხეებმა გასულ კვირას საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილი სამთავრობო ძალების წინააღმდეგ მასშტაბური შეტევა წამოიწყეს, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ბოლო დღეებში, საუდის არაბეთმა "ჰუსიტების" ძალების წინააღმდეგ ათობით საპასუხო საჰაერო იერიში მიიტანა.