ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა, კიდევ ერთი პოლიტიკური მარცხი განიცადა, როდესაც წევრმა სახელმწიფოებმა ჩაშალეს მისი უკანასკნელი ინიციატივა ევროპული თავდაცვის საკითხებზე ექსპერტთა ჯგუფის შექმნის შესახებ. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც მისი დიპლომატიური სამსახური რეფორმირების გატარების მოთხოვნით მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება.

კვირას, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა (EEAS), ბოლო მომენტში გააუქმა ახალი მაღალი დონის ჯგუფის ამოქმედება. ჯგუფის მოვალეობაში შედიოდა ანგარიშის მომზადება ევროკავშირის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების გეგმაზე და სტრატეგიული ინვესტიციების მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოვლენაზე.

ინიციატივის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა, სულ რამდენიმე დღით ადრე განაცხადა და აღნიშნა, რომ მისი მიზანია "გამორჩეული უსაფრთხოებისა და თავდაცვის ექსპერტების გაერთიანება ჭეშმარიტად ინოვაციური გადაწყვეტილებების შესამუშავებლად".

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ინიციატივა აღარ გაგვეგრძელებინა. ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე ეს სწორი გზა არ იყო", - განუცხადა Euronews-ს ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანონიმურობის პირობით.

როგორც გამოცემა განმარტავს, ეს შემთხვევა ხაზს უსვამს იმას, რომ კალასი ზოგჯერ აუცილებელი პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე მოქმედებს, მაშინაც კი, როდესაც წევრი სახელმწიფოებისგან - განსაკუთრებით პატარა სახელმწიფოებისგან მხარდაჭერის მიღება მისი საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ EEAS აქტუალური და მნიშვნელოვანი როლი შეუნარჩუნოს.

ინიციატივის წინააღმდეგ ყველაზე აქტიური იტალია იყო. ქვეყანამ ჯგუფის შექმნის წინააღმდეგ მტკიცე პოზიცია დააფიქსირა მას შემდეგ, რაც მასში თავდაცვის მინისტრ გვიდო კროზეტოს ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ მოწინააღმდეგედ დასახელებული პირი შეიყვანეს.

იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA-ს ინფორმაციით, საუბარია რობერტა პინოტიზე, რომელიც თავდაცვის მინისტრის პოსტს მატეო რენცისა და პაოლო ჯენტილონის ცენტრისტულ-მემარცხენე მთავრობებში იკავებდა, რომელთა შეხედულებები ამჟამინდელი იტალიის მთავრობისგან განსხვავებული იყო.

მედიის ცნობით, ექსპერტთა ჯგუფის შექმნის წინააღმდეგ საფრანგეთი და რიგი სხვა ქვეყნებიც გამოვიდნენ. მათ ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ საკითხი მინისტრთა დონეზე არ განხილულა და მოულოდნელი აღმოჩნდა ევროპის უმეტესი მთავრობებისთვის.

ზეწოლა იმდენად ძლიერი იყო, რომ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) იძულებული გახდა ინიციატივაზე უარი ეთქვა.

EEAS-ის პერსპექტივიდან გამომდინარე, ინიციატივის ექსპერტული და საკონსულტაციო ხასიათი ნიშნავდა, რომ ყველა ქვეყნის წარმომადგენლის მონაწილეობა საჭირო არ იყო და ყველაზე აშკარა კანდიდატები ყოფილი პოლიტიკური და სამხედრო ფიგურები იყვნენ.

euronews-ის ინფორმაციით, ევროკავშირის სამმა წარმომადგენელმა, რომლებმაც საკითხის აქტუალურობის გამო ანონიმურობა ისურვეს, ინიციატივა შეაფასეს, როგორც "ცუდი მენეჯმენტი", "სამწუხარო შეცდომა" და "სრული წარუმატებლობა" (უცენზურო სიტყვების გამოყენებით), რაც ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მწვავე იყო უკმაყოფილება პროცესის მიმართ.