საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირთან ურთიერთობებსა და ბრიუსელის კრიტიკულ განცხადებებს ეხმაურება.

კითხვაზე, ხომ არ წარმოადგენს ხელისუფლების ტაქტიკას ორმაგი მოქმედება, როდესაც პრემიერი ირაკლი კობახიძე საფრანგეთში, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით იმყოფება, პარალელურად კი მმართველი გუნდის მხრიდან ევროკავშირის მიმართ კრიტიკული განცხადებები კეთდება, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მათი განცხადებები ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულ, მისივე შეფასებით, ცილისმწამებლურ ბრალდებებზე საპასუხო რეაქციაა.

"ან შეიძლება ეს ევროკავშირის ტაქტიკაა, რომ გუშინ მისმა წარმომადგენელმა ჟენევაში გააკეთა ცილისმწამებლური განცხადება საქართველოს წინააღმდეგ. ყველას გთხოვთ, დაუკვირდეთ - ჩვენი მხრიდან არის მხოლოდ პასუხები. ჩვენ არასდროს არ ვართ ინიციატორი რაიმე განცხადების თუ შეფასების და ეს არაერთხელ გვითქვამს, მათ შორის ბრიუსელისთვისაც, რომ თუ იქნება სამართლიანი დამოკიდებულება და განცხადებები, რა თქმა უნდა, ჩვენ არავითარ კრიტიკას არ ვაპირებთ, მაგრამ როგორც კი იქნება ცილისწამება ქართველი ხალხის წინააღმდეგ, არ ვფიქრობთ, რომ უნდა დარჩეს პასუხის გარეშე.

კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვამბობთ. ინიციატორი იყო თავად ევროკავშირი, - გუშინ, მისმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა ცილისმწამებლური განცხადება საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება პასუხი. ეს ჩვენ სხვა დროსაც გვითქვამს, მაგრამ მე მგონი, უნდა ვისაუბროთ ამაზე კიდევ უფრო გახსნილად და ხშირად. ეს იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირის ფონდები გამოიყენებოდა საქართველოში ძალადობრივი აქციებისთვის, როდესაც ჩვენ დადასტურებულად ვიცით, რომ ევროკავშირის ფულით ფინანსდებოდა "მოლოტოვის კოქტეილების" კამპანია, როდესაც ჩვენ დადასტურებულად ვიცით და ეს აღიარებული აქვს "ისფედის" ხელმძღვანელს, რომ ევროკავშირის ფულით ფინანსდებოდა და ურიგდებოდა აქციის მონაწილეებისთვის პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევი აღჭურვილობები, - როდესაც ეს ფაქტები არის და ამ პირობებში კიდევ ვხედავთ ჩვენ აქეთ გაღმა შემოდავებას ბრიუსელის თუ ევროკავშირის მხრიდან, რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს ექნება ჩვენი პასუხი," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.