"თუ უნდათ, რომ ვიყოთ ევროკავშირის წევრი, უნდა შეცვალონ საკუთარი პოლიტიკა. სხვანაირად შეუძლებელია. ჩვენ ასეთი პოლიტიკის მქონე ევროკავშირის წევრი ვერ ვიქნებით, რომელსაც არეული აქვს საგარეო პოლიტიკა, არავინ პატივს აღარ სცემს საგარეო პოლიტიკაში", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საუბრობს.
მისი თქმით, ბრიუსელის ბიუროკრატიის დღევანდელი შემადგენლობა ევროკავშირის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
"ჩვენ პრობლემა გვაქვს ბრიუსელთან, რომელიც ევროკავშირის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. იმ არჩევნების შედეგები, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ, ისლანდიის რეფერენდუმი, რა იყო თუ არა სწორედ იმის დადასტურება, რასაც ჩვენ ვამტკიცებთ.
ისლანდიამ, რომელიც ყველანაირად არის დაკავშირებული ევროკავშირთან, მათ ფაქტობრივად ერთი ფორმალური ნაბიჯიღა აკლიათ, რომ ევროკავშირის წევრი ერქვათ, თორემ სხვა მხრივ, ყველანაირად დაკავშირებული არიან. წარმოგიდგენიათ, რომ ასეთი ინტეგრაციის ხარისხზე არიან და მათაც კი შეეშინდათ არა თუ წევრობა, რეფერენდუმი შეეხებოდა მოლაპარაკებების განახლებას და მოლაპარაკებების განახლებაც კი შეეშინდათ.
საუბარია, თითქოს თევზჭერის რეგულაციები აქვს მკაცრი ევროკავშირს და ისლანდიელებმა თევზჭერას გადააყოლეს ევროპული მომავალიო. ამას საუბრობს დღეს ოპოზიცია. ევროკავშირი სთავაზობდა ისლანდიას, რომ მათ დაუწესებდა სპეციალურ გამონაკლის რეგულაციებს, ცალკე შეთანხმება იქნებოდა თევზჭერასთან დაკავშირებით, რომელიც ისლანდიის ინტერესებს გაითვალისწინებდა. ამის მიუხედავად, სწორედ ეს არის მთავარი, ეს პირობა მისცა ბრიუსელმა და ამ პირობას არ ენდო ისლანდია.
ეს არის მთავარი, ნდობა აქვს დაკარგული დღეს ბრიუსელს ყველას თვალში, ქართველი ხალხის თვალში.
ჩვენ ვცდილობთ, რომ ბრიუსელმა შეცვალოს თავისი კურსი. რა თქმა უნდა, ბრიუსელის ბიუროკრატიის დღევანდელი შემადგენლობა, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ამას მარტო მე ხომ არ ვამბობ, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ზუსტად ამას ამბობს უკვე ამდენი ხანია.
ჩვენი, როგორც ევროპული ქვეყნის, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიზანი არის, რომ ბრიუსელის პოლიტიკა შეიცვალოს. თუ უნდათ, რომ ვიყოთ ჩვენ ევროკავშირის წევრი, უნდა შეცვალონ საკუთარი პოლიტიკა. სხვანაირად შეუძლებელია. ჩვენ ასეთი პოლიტიკის მქონე ევროკავშირის წევრი ვერ ვიქნებით, რომელსაც არეული აქვს საგარეო პოლიტიკა, არავინ პატივს აღარ სცემს საგარეო პოლიტიკაში", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
