საფრანგეთში არსებულმა ექსტრემალურმა სიცხემ კონდიცირების სისტემების საჭიროების შესახებ მწვავე პოლიტიკური დებატები გამოიწვია.

მაშინ, როდესაც მემარჯვენე ლიდერი მარინ ლე პენი კონდიციონერების სახელმწიფო მხარდაჭერით მასობრივ დანერგვას მოითხოვს, "მწვანე" პოლიტიკოსებმა, რომლებიც, ტრადიციულად, ამ სისტემების წინააღმდეგნი იყვნენ, პოზიცია შეარბილეს და აღიარეს, რომ, კლიმატური ცვლილებების ფონზე, მათი გაფართოება გარდაუვალია.

საფრანგეთში კონდიციონერი ყოველ მეოთხე ოჯახს აქვს. სისტემები არ არის დამონტაჟებული ბევრ საავადმყოფოსა და სკოლაში, რაც პაციენტებისთვის, სამედიცინო პერსონალისა და მოსწავლეებისთვის საფრთხეს ქმნის. გასულ კვირას, მაღალი ტემპერატურის გამო, სკოლების დახურვა ან სასწავლო საათების შემცირება გახდა საჭირო.

საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, მიმდინარე სიცხის ტალღის დროს საფრანგეთში მოსალოდნელზე დაახლოებით 1,000-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, რომელთა 85% 65 წელს გადაცილებულია. ექსპერტები შიშობენ, რომ ეს ციფრი, სავარაუდოდ, გაცილებით მაღალია.

შედარებისთვის: ევროპაში, სადაც კონდიციონერები ნაკლებად არის გავრცელებული, გასულ წელს სიცხემ 44,000 ადამიანი იმსხვერპლა, მაშინ, როდესაც აშშ-ში, სადაც ოჯახების 90%-ს აქვს კონდიცირების სისტემა, ეს მაჩვენებელი 2,000-ს შეადგენს.

"მწვანე" ეკოლოგების ლიდერმა, მარინ ტონდელიემ, გასულ კვირას განაცხადა, რომ კონდიციონერები აუცილებელია, სულ მცირე, სკოლებსა და საავადმყოფოებში.

"არსებობს ადგილები, სადაც ჩვენ უბრალოდ ვეღარ შევძლებთ მათ გარეშე არსებობას", – აღნიშნა მან. ეს განცხადება რადიკალურად განსხვავდება მისი პარტიის წინა წლების პოზიციისგან, როდესაც კონდიცირებას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ "ყველაზე ცუდ პასუხად" მოიხსენიებდნენ.

მეტეოროლოგები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ 6 ივლისიდან საფრანგეთს ახალი, უფრო ხანგრძლივი და ინტენსიური სიცხის ტალღა დაატყდება თავს. ზოგიერთი პროგნოზით, ტემპერატურამ შესაძლოა 45°C-ს მიაღწიოს. მეცნიერები შიშობენ, რომ მიმდინარე ზაფხული შესაძლოა 2003 წლის ანომალიური სიცხის ტოლფასი აღმოჩნდეს, რომელმაც საფრანგეთში 14,800 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

საფრანგეთის მთავრობა აქამდე პრიორიტეტს შენობების თბოიზოლაციას, გამწვანებას და ბუნებრივი ვენტილაციის სისტემებს ანიჭებდა, რათა კონდიციონერების საჭიროება თავიდან აეცილებინათ, თუმცა, არსებული კრიზისის ფონზე, ეს მიდგომა სულ უფრო მეტი კრიტიკის საგანი ხდება.