აშშ-მ ევროპის ქვეყნებს შესთავაზა, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაყინული რუსული აქტივების ნაწილი გაათავისუფლოს და გადასცეს სტრუქტურას, რომელსაც ვაშინგტონი აკონტროლებს. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების მცდელობას, - წერს Financial Times-ი.

განხილვებთან დაკავშირებულმა ოთხმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ იდეა გასულ კვირას მაიამიში დონალდ ტრამპის სამშვიდობო მომლაპარაკებლებსა და უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და ნატოს ოფიციალურ პირებს შორის გამართული მოლაპარაკებების დროს გაჟღერდა.

"აშშ-მა აქტივების გაყინვის მოხსნის რამდენიმე შესაძლო მეთოდი გააჟღერა, მათ შორის, მათი გადატანა ახალ სპეციალიზებულ ფინანსურ სტრუქტურაში, რომელსაც ვაშინგტონი გააკონტროლებს", - განაცხადეს წყაროებმა.

აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების საკითხი სამშვიდობო შეთანხმების ყოვლისმომცველი პაკეტის ფარგლებში განიხილებოდა. მისი თქმით, მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც ეს აქტივები ხელმისაწვდომი გახდებოდა, და ის, თუ სად დაიხარჯებოდა თანხა, ჯერ კიდევ განხილვის საგანია.

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აშშ-ის ინიციატივას შეეწინააღმდეგა.

"ეს აქტივები ევროპაშია გაყინული და ევროპაშივე უნდა დარჩეს გაყინული. ეს ჩვენი საკითხია და გადაწყვეტილებას ჩვენ ვიღებთ", - განაცხადა მერცმა.

აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ომის დასრულების შემდეგ მოსკოვის გაყინული აქტივების გამოყენების არაერთი შესაძლო ვარიანტი განიხილება. სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართული უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, ეს საკითხი აშშ-ის მხარესთან წინა შეხვედრებზეც იყო განხილული.

მედიის ცნობით, ევროპელმა წარმომადგენლებმა უარყვეს გეგმა, რომელიც აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა და დონალდ ტრამპის სიძემ, ჯარედ კუშნერმა წარადგინეს. თუმცა, ინიციატივამ ევროპულ დედაქალაქებსა და კიევში შეშფოთება გამოიწვია და გააჩინა კითხვები აშშ-ის განზრახვებთან დაკავშირებით, ასევე იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ განსხვავდება ვაშინგტონის მიდგომა მოსკოვზე ზეწოლის თვალსაზრისით.

ცნობისთვის, 2022 წელს, ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ, დასავლელმა მოკავშირეებმა რუსეთის სახელმწიფო აქტივები გაყინეს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 260 მილიარდ ევროს შეადგენს. ამ თანხის უდიდესი ნაწილი ევროკავშირშია განთავსებული.