ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკის ხალხმრავალ ქუჩაზე, საავადმყოფოსა და პოლიციის განყოფილების წინ, გიგანტური ორმო გაჩნდა, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

გიგანტური ორმოს მოულოდნელი წარმოქმნის გამო, მოქალაქეები იძულებულები გახდნენ ავტომობილები გზაზე მიეტოვებინათ და გაქცეულიყვნენ. ინფორმაციას BBC კადრებთან ერთად ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, დაახლოებით 50 მეტრის სიღრმის ორმოს წარმოქმნის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და გამოჩნდა წყლის მილი, საიდანაც წყალმა ამოხეთქა. ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ გზის ჩანგრევა შესაძლოა ბოლო დროს მოსულ ძლიერ წვიმას და მილის გაჟონვას უკავშირდებოდეს.

ტაილანდის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ დაშავებულები და დაღუპულები არ არიან.