პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ერ-რიადის საერთაშორისო აეროპორტზე "ჰუსიტების" მიერ განხორციელებული თავდასხმა დაგმო, რომელსაც სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, 300-ზე მეტი კი დაშავდა.

როგორც times of israel-ი წერს, ნეთანიაჰუს განცხადება, რომელშიც მეფე ხალიდის საერთაშორისო აეროპორტზე განხორციელებული "საშინელი ტერორისტული თავდასხმა" იყო დაგმობილი, კვირა საღამოს განხორციელებულ კიდევ ერთ თავდასხმას დაემთხვა.

"მე უმკაცრესად ვგმობ საუდის არაბეთის ქალაქ ერ-რიადში, მეფე ხალიდის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ საშინელ ტერორისტულ თავდასხმას", - დაწერა ნეთანიაჰუმ სოციალურ მედიაში და ისრაელის "ღრმა სამძიმარი" გამოთქვა მსხვერპლთა ოჯახების მიმართ.

"ტერორიზმის სამიზნეში უდანაშაულო ადამიანები ექცევიან; მისი მიზანია შიშისა და არასტაბილურობის დათესვა. მას გადამწყვეტი წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ. ისრაელი ცდილობს, რომ ახლო აღმოსავლეთი იყოს ძლიერი რეგიონი, რომელიც საშიშროებების წინაშე ერთიანი იქნება და დაიცავს საკუთარ მოსახლეობას. ააშენებს უსაფრთხოებაზე, თანამშრომლობასა და კეთილდღეობაზე დაფუძნებულ მომავალს ჩვენი რეგიონის ყველა ხალხისთვის", - წერს ნეთანიაჰუ.

მედიის ცნობით, შაბათის თავდასხმა, ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, საუდის არაბეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ ყველაზე სისხლიან თავდასხმად დასახელდა, რაც იემენის ომში ვითარების მკვეთრ ესკალაციას მიანიშნებს.

ამ ომში ერ-რიადი მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ მთავრობას, რომელიც ირანის მხარდაჭერილი "ჰუსიტების" წინააღმდეგ იბრძვის. ჰუსიტებმა გასულ თვეში შეტევის გააქტიურების შედეგად წითელი ზღვის სანაპირო ზოლის ვრცელი ტერიტორიები დაიკავეს.