ცენტრალურ ფილიპინებში, ნაგავსაყრელზე ჩამოშლილი ნაგვის გროვის ქვეშ, მაშველები ათეულობით ადამიანს ეძებენ. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა.
ჩინოვნიკების ცნობით, ქალაქ სებუში, ბინალიუს კერძო ნაგავსაყრელზე, ჩამოშლილი ნაგვის გროვის ქვეშ, დაახლოებით 50 ადამიანია მოყოლილი.
Associated Press-ის ცნობით, ნაგვის ქვეშ მოყოლილი არიან ნაგავსაყრელის თანამშრომლები, მაგრამ გაურკვეველია, იყვნენ თუ არა მათ შორის ახლომდებარე სახლების მაცხოვრებლები ან სხვა პირები.
სებუს მერის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე 500-ზე მეტი მაშველი მუშაობს და სიცოცხლის ნიშნებიც არის. მისი განმარტებით, სამაშველო ოპერაცია, სავარაუდოდ, კვირამდე გაგრძელდება.
