ისრაელში, დასავლეთ იერუსალიმში, არალიცენზირებულ საბავშვო ბაღში ორი ჩვილი გარდაიცვალა, 50-ზე მეტი ჩვილი და მცირეწლოვანი ბავშვი საავადმყოფოებში მკურნალობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

3 და 6 თვის ბავშვები სკოპუსის საავადმყოფოსა და შაარე ზედეკის სამედიცინო ცენტრში გარდაცვლილად გამოცხადდნენ. მედიკოსებმა მათი რეანიმირება ვერ შეძლეს. საავადმყოფოებს ბავშვების სიკვდილის მიზეზი არ დაუკონკრეტებიათ.

ადგილობრივი მედია თავდაპირველად იუწყებოდა, რომ ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი, გათბობის სისტემიდან გამომავალი ტოქსიკური აირი იყო. თუმცა, სახანძრო-სამაშველო სამსახურმა განაცხადა, რომ საშიში ან ტოქსიკური ნივთიერებები არ დაფიქსირებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებმა საბავშვო ბაღში გადატვირთულობის შესახებაც განაცხადეს. ამასთან, ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს ჩვილი, რომელსაც აბაზანაში, იატაკზე სძინავს.

ისრაელის პოლიციის განმარტებით, ექსპერტ-კრიმინალისტები ატარებენ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას მტკიცებულებების აღმოსაჩენად და იმ გარემოებების დასადგენად, რამაც ჩვილების დაზიანება გამოიწვია.