აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი საპრეზიდენტო არჩევნებში მის მეტოქეს დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და 2024 წლის გამარჯვება მიულოცა, – იუწყება CNN.

 

"საუბრისას ჰარისმა ხაზი გაუსვა ძალაუფლებისა და პრეზიდენტის თანამდებობის მშვიდობიან გადაცემის მნიშვნელობას ყველა ამერიკელისათვის", - განაცხადა ჰარისის წარმომადგენელმა.

 

ცნობისთვის, აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპს უკვე 277 ელექტორალური ხმა აქვს და შესაბამისად ის აშშ-ის პრეზიდენტი გახდა. კამალა ჰარისს კი 224 ხმა აქვს. 1892 წლის შემდეგ ტრამპი გახდება პირველი პრეზიდენტი, რომელიც თეთრ სახლში დაბრუნდება.

 

პარალელურად, "რესპუბლიკურმა პარტიამ" დასავლეთ ვირჯინიის და ოჰაიოს შტატებიდან მოპოვებული ადგილების შედეგად სენატში უმრავლესობა დაიბრუნა.

 

წინასწარი მონაცემებით, "რესპუბლიკურ პარტიას" 100-წევრიან სენატში 52 წარმომადგენელი ეყოლება. დღეს სენატის უმრავლესობაში დემოკრატები არიან.

რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატას, წინასწარი შედეგებით 435-წევრიან პალატაში რესპუბლიკელები ლიდერობენ. უმრავლესობის მოსაპოვებლად, სულ მცირე, 218 მანდატია საჭირო. CNN-ის ცნობით, ამ დროისთვის დემოკრატებს 188, ხოლო რესპუბლიკელებს 207 წარმომადგენელი ჰყავთ.