5 დღე უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებამდე - "კურიერი" ბუდაპეშტშია, სადაც, ცოტა ხნის წინ, ვიქტორ ორბანის და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტის პრესკონფერენცია დასრულდა. ჯეი დი ვენსი ბრიუსელს მწვავედ აკრიტიკებს, გარე ჩარევებზე საუბრობს და ტრამპის სახელით ვიქტორ ორბანს მხარდაჭერას უცხადებს.

ვენსი აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ევროკავშირის ბიუროკრატებმა უნგრეთის ეკონომიკის დანგრევა სცადეს, რაც საგარეო ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე უხეში მაგალითია.

"ის, რაც ამ ქვეყანაში, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ხდება, საგარეო ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე უხეში მაგალითია, რაც კი ოდესმე მინახავს ან წამიკითხავს. ბრიუსელელმა ბიუროკრატებმა უნგრეთის ეკონომიკის დანგრევა სცადეს. სცადეს, უნგრეთის ენერგოდამოუკიდებლობის შერყევა და უნგრელი მომხმარებლებისთვის ხარჯებს გაეზარდა - და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ეს ადამიანი სძულთ. უნგრეთის მოსახლეობას ერთ რამეს ვურჩევდი - დაუსვან საკუთარ თავს კითხვა: არა ის, თუ ვინ არის პროევროპული ან ანტიევროპული, ვინ არის შტატების მომხრე თუ მოწინააღმდეგე, არამედ ის, თუ ვინ არის თქვენს მხარეს? ვინ უჭერს მხარს უნგრელ ხალხს?

მე ვხედავ ადამიანს, რომელიც თავგანწირვით იბრძვის საკუთარი ქვეყნისთვის. მე აქ იმისთვის ვარ, რომ მას ამ საარჩევნო კამპანიაში დავეხმარო.

მჯერა, რომ უნგრეთის მოქალაქეები ზრდასრული ადამიანები არიან. ისინი საკუთარი ქვეყნის სუვერენული ბატონ-პატრონები არიან და უნდა ჰქონდეთ უფლება, გაეცნონ ნებისმიერ ინფორმაციას არჩევნების შესახებ ისე, რომ რომელიმე შორეულ დედაქალაქში მყოფი პირი მათ ბავშვებივით არ ეპყრობოდეს და ამას არ უწყვეტდეს. სუვერენიტეტი და დემოკრატია, პირველ რიგში, ხალხის თავისუფალ არჩევანს ნიშნავს. მე აქ იმიტომ ვიმყოფები და ამერიკის პრეზიდენტმაც იმიტომ გამომგზავნა, რომ მიგვაჩნია - ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან მსგავსი ჩარევა ჭეშმარიტად სამარცხვინოა. მე არ ვაპირებ უნგრელ ხალხს მოვუწოდო, თუ ვის მისცენ ხმა. იმავეს ვურჩევდი ბრიუსელელ ბიუროკრატებსაც", - აცხადებს ვენსი.