ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვის გზებს ეძებს. ამის შესახებ გამოცემა POLITICO წერს.

მედიის ინფორმაციით, კაია კალასი ცდილობს, უკრაინაში მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებში საკუთარი როლი განსაზღვროს მას შემდეგ, რაც ევროპული მხარის სახელით მოლაპარაკებების მწარმოებელ გუნდში არ შეიყვანეს.

ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი არაერთხელ აღნიშნავდა, რომ ევროკავშირის ხელშეკრულებების თანახმად, ის ბლოკის მთავარი საგარეო პოლიტიკური თანამდებობის პირია.

გამოცემის ცნობით, კულისებს მიღმა კალასი აქტიურად მუშაობს მოლაპარაკებების გუნდის მანდატის განსაზღვრაზე - იმაზე, თუ რა მოთხოვნები უნდა დააყენოს ევროპამ და სად გადის მისი წითელი ხაზები.

"აიღეთ ხელშეკრულებები და წაიკითხეთ", - განუცხადა კალასმა ბრიუსელში ჟურნალისტებს, როდესაც ჰკითხეს, რატომ არ არის წარმოდგენილი გუნდში, რომელიც ევროპისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ უსაფრთხოების კრიზისზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

"ვინ არის პასუხისმგებელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე? როგორც ჩვენს პარტნიორებს ყოველთვის ვეუბნებით, ევროპაში კანონის უზენაესობის საფუძველი სწორედ ხელშეკრულებებია... ამიტომ ჩემს სიტყვებზე პასუხისმგებლობას ვიღებ. მზად ვარ, ეს საქმეც [მოლაპარაკებების წარმოებაც] შევასრულო", - განაცხადა კალასმა.

ევროპის მომლაპარაკებელთა გუნდის შემადგენლობის შესახებ რამდენიმე კვირიანი მწვავე დისკუსიების შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ გასულ კვირას, დუბლინში განაცხადა, რომ მოლაპარაკებების გუნდში შევლენ საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, იტალიისა და გაერთიანებული სამეფოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლები, ასევე ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს წარმომადგენლები. კაია კალასი ამ გუნდში არ მოხვდა.

ორშაბათს, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მისვლისას, ეს მიდგომა ესპანეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააკრიტიკეს.

"ევროპას ერთი ხმით საუბარი სჭირდება. 27 მიკროფონით საუბარი არ შეგვიძლია. ჩვენ გვჭირდება ერთი საერთო ხმა, ამისთვის კი აუცილებელია მკაფიო მანდატი და მკაფიო პროცედურები, რათა შევთანხმდეთ ჩვენს საერთო პოზიციაზე", - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა.

როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირის ზოგიერთი დიპლომატი მიიჩნევს, რომ კაია კალასის მოლაპარაკებების გუნდში არყოფნის ერთ-ერთი მიზეზი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ მისი კრიტიკული დამოკიდებულებაა. სხვები კი აცხადებენ, რომ გუნდი მიზანმიმართულად დაკომპლექტდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მომუშავე იმ მაღალჩინოსნებით, რომლებიც უშუალოდ სახელმწიფო ლიდერებს ექვემდებარებიან. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც არ მონაწილეობდა მოლაპარაკებების ბოლო რაუნდებში.