ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ უკვე განსაზღვრულია, თუ ვინ იქნებიან ევროკავშირის წარმომადგენლები უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში.
მისი თქმით, ევროპული უსაფრთხოების ხელშეკრულებები ძალიან მკაფიოდ განსაზღვრავენ, თუ ვინ უნდა იყვნენ ბრიუსელის წარმომადგენლები.
კალასის განმარტებით, უსაფრთხოების საკითხებში ევროპას უნდა წარმოადგენდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და თავად კალასი, როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.
"რა თქმა უნდა, სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებს შეუძლიათ, სურვილის შემთხვევაში, სხვა გადაწყვეტილება მიიღონ. თუმცა გარანტიას გაძლევთ, რომ ეს ძალიან რთული ამოცანა იქნება. უფრო მარტივია, უკვე არსებულ შეთანხმებებს მივყვეთ", - განაცხადა კალასმა.
ამასთან, კალასმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს არ უნდა აღელვებდეს, ვინ იქნებიან ევროპის წარმომადგენლები მოლაპარაკებებზე.
"რატომ უნდა გვაღელვებდეს, რას ამბობენ რუსები ჩვენს წარმომადგენლებზე? განა ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს მათ წარმომადგენლებზე - ვინ უნდა წარმოადგენდეს მათ? საბოლოო ჯამში, ყველას აქვს უფლება, თავად აირჩიოს თავისი წარმომადგენლები", - აღნიშნა კალასმა.
