Starlink-ის სამხედრო ვერსიის - Starshield-ის სატელიტური სისტემის შეფერხების გამო, უკრაინული მხარის დრონების ოპერაციების 100% ჩავარდა - ამის შესახებ AXIOS-ი უკრაინის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.
უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ შეზღუდვები უკვე სამი დღეა მოქმედებს და მასშტაბი ეტაპობრივად იზრდებოდა.
"პირველ დღეს შეზღუდვა მისიების 10%-ს შეეხო, მეორე დღეს 50%-ს, დღეს კი შეზღუდვების გამო მისიების 100%-ი ჩავარდა", - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
აშშ-ში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, დენის სიენიკმა განაცხადა, რომ Starshield-ის სისტემა ითიშება, როდესაც დრონების სიჩქარე საათში დაახლოებით 161 კმ/სთ-ს აღემატება. "ამ დროისთვის SpaceX-ისგან ან პენტაგონისგან განმარტება არ მიგვიღია" - აღნიშნა მან.
ამასთან, SpaceX-ში AXIOS-ის განუცხადეს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და სისტემაში არანაირი ცვლილება არ განხორციელებულა.
გამოცემის ინფორმაციით, Starshield-ის სატელიტური სისტემის შეზღუდვა ჯარედ კუშნერისა და სტივ ვიტკოფის მოსკოვში ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო.
ცნობისთვის, გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები Starlink-ის სამხედრო ვერსიის - Starshield-ის მუშაობაში მნიშვნელოვან შეფერხებებს აფიქსირებდნენ. პრეზიდენტის განმარტებით, უკრაინელმა სამხედროებმა უკვე შეისწავლეს ამ შეფერხების გარემოებები და დაადგინეს, რომ ეს შემთხვევითი ხარვეზი არ არის და თანამგზავრული კავშირი სისტემურად ფერხდება.
