ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა პაკისტანის პარამილიტარული დაჯგუფების შტაბ-ბინას შეუტია, რის შედეგადაც 3 დაცვის თანამშრომელი დაიღუპა და სულ მცირე 12 ადამიანი დაიჭრა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელები შეიარაღებულები იყვნენ, როდესაც ისინი პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით, პეშავარში, ფედერალური პოლიციის შტაბ-ბინაში შეიჭრნენ.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
პოლიციის შენობა პეშავარის მკაცრად დაცულ უბანში მდებარეობს და თავდამსხმელებს შესვლისთვის უსაფრთხოების რამდენიმე საფეხურის გადალახვა მოუწიათ.
ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, თავდასხმის შედეგად ხუთი დაცვის თანამშრომელი და შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
