ოპოზიცია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ითხოვს. "პრაიმტაიმის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა.
სააგენტომ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ოპოზიცია ნოემბრის ბოლოსთვის უცხოელ მოკავშირეებს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას სთხოვს და ბრიუსელში მაღალჩინოსნებს არწმუნებენ, რომ მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებზე ზეწოლა შედეგს არ მოიტანს.
ვიზალიბერალიზაციის თემაზე დღეს ჟურნალისტებმა კითხვა პაველ ჰერჩინსკის დაუსვეს. ელჩი ამბობს, რომ ევროკომისია დეკემბერში გამოაქვეყნებს ვიზის შეჩერების მექანიზმის ანგარიშს, მათ შორის, საქართველოსთვისაც.
ჰერჩინსკის განცხადებით, უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმი შექმნილია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველა ქვეყნისთვის, რომლებიც ევროკავშირში მოგზაურობისთვის უვიზო რეჟიმით სარგებლობენ.
"ადგილზეა ახალ მექანიზმი, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველა ქვეყნისთვის, რომლებიც ევროკავშირში მოგზაურობისთვის უვიზო რეჟიმით სარგებლობენ. შემიძლია გითხრათ, რომ დეკემბერში, ევროკომისია გამოაქვეყნებს უვიზო რეჟიმის შეჩერების ანგარიშს, მათ შორის, საქართველოსთვის. ეს ანგარიში იქნება გაზიარებული ბევრ სახელმწიფოსთან. წევრი სახელმწიფოები მათ განიხილავენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას. თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული წევრი ქვეყნების მიერ, ეს ის თემაა, რომელთან დაკავშირებითაც სპეკულირება არ მსურს", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
