"რაც მოვისმინეთ თინა ბოკუჩავას მხრიდან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, არასწორი კი არა, არამართებულია", - განაცხადა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ პარტიაში გამწვავებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე შეთავაზება გუნდისთვის სიახლე არ ყოფილა.
"რაც მოვისმინეთ თინა ბოკუჩავას მხრიდან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არასწორი კი არა, არამართებულია ჩემი აზრით, რადგან ეს პროცესი, რაც ახლა მიმდინარეობს, ყველამ იცოდა, მათ შორის, იცოდნენ, რომ ნანუკას ჰქონდა შემოთავაზება და ის დათანხმდა თანათავმჯდომარეობას და ეს არაფერი სიახლე არ ყოფილა პარტიის წევრებისთვის. ჩვენ ვემზადებით სტრუქტურული განახლებისთვის", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტის ნანუკა ჟორჟოლიანისთვის შეთავაზებას პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ იმპულსური და არათანმიმდევრული უწოდა.
თინა ბოკუჩავა ორი დღის წინ სააკაშვილის ამ გადაწყვეტილების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პოლიტიკურ ჭორაობას ეძახდა, თუმცა საბოლოოდ, ყოფილმა პრეზიდენტმა ეს ოფიციალურად დაადასტურა. თავის მხრივ, ჟორჟოლიანმა დღის ბოლოს გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ საკუთარ თავს "ნაციონალურ მოძრაობაში" კრიზისმენეჯერად მოიაზრებს და მზადყოფნას გამოთქვამს, პარტია ახალგაზრდებთან ერთად მართოს.
