"ნანუკა ჟორჟოლიანი თუ განახლების სიმბოლოა, სიკეთეში მოიხმარონ" - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.
თენგიზ შარმანაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია იმ გადაწყვეტილებებზე არიან დამოკიდებული, რასაც უცხოეთში იღებენ.
"48 საათის წინ რომ მეთქვა, მიხეილ სააკაშვილი არათანმიმდევრულ და იმპულსურ გადაწყვეტილებებს იღებსო, წარმოგიდგენიათ, თინა ბოკუჩავა რას მიზამდა? - გამოვიდოდა და იტყოდა, რომ პროპაგანდისტი ვარ და მათ საყვარელ პრეზიდენტზე სიცრუეს ვავრცელებ. ეს ხალხი დამოკიდებულია უცხოურ გავლენებზე და საკუთარი მოსაზრებები არ აქვთ. უცხოეთში მიღებული გადაწყვეტილებების მხოლოდ აღმასრულებელი არიან. ეს ყველაფერი მათ კრახამდე მიიყვანს. ვერ დავინახე რესურსი იმ განახლებაში, რასაც ვითომ ძველი და ახალი სახის წარმოჩენით გვთავაზობენ. რა ვიცი, შეიძლება, რაიმე გამომეპარა," - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
შიდაპარტიული კრიზისი "ნაციონალურ მოძრაობაში" - მიხეილ სააკაშვილის მოულოდნელი გადაწყვეტილება და ძალაუფლების გადანაწილების პროცესი პარტიის წევრებს შორის ღია დაპირისპირებაში გადაიზარდა. პარტიის ინსტიტუციურ კრიზისზე საუბრობს ლევან ბეჟაშვილი და რადიკალურ გადატვირთვას ითხოვს. ამბობს, რომ თავმჯდომარის არჩევნების გარეშე, პირდაპირ დანიშვნა თავის დროზე შეცდომა იყო. ამ ფორმით კი, პოსტი თინა ბოკუჩავამ დაიკავა.
ამავდროულად, ნანუკა ჟორჟოლიანი ადასტურებს, რომ მოქმედ თავმჯდომარესთან პოლიტიკური ალიანსი ვერ შედგა, მისი შეფასებით, ტრადიციული პოლიტიკის დრო ამოიწურა და ორგანიზაციას ახლა ანტიკრიზისული მენეჯერი სჭირდება.
კულუარებიდან საჯარო სივრცეში გადმოტანილი დაპირისპირების პარალელურად, მოქმედმა თავმჯდომარემ საკუთარი ჩანაცვლების გეგმის შესახებ სოციალური ქსელიდან გაიგო. თინა ბოკუჩავა ციხიდან მიღებულ გადაწყვეტილებებს "იმპულსურსა და არათანმიმდევრულს" უწოდებს და ამბობს, რომ პარტია კრიზისამდე სწორედ ამან მიიყვანა.
