"ვრჩები "ნაციონალურ მოძრაობაში" და ვიბრძოლებ ბოლომდე, საქართველო გაიმარჯვებს," - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.
"ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალე, კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო, რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს ვთქვი: რა თქმა უნდა, ვრჩები "ნაციონალურ მოძრაობაში" და რა თქმა უნდა ვიბრძოლებ ბოლომდე. საქართველო გაიმარჯვებს!" - წერს ბოკუჩავა.
შიდაპარტიული კრიზისი "ნაციონალურ მოძრაობაში" - მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანმა მისი თხოვნით უკვე დაიწყო შეხვედრები პარტიულ ორგანიზაციებთან. მისივე მტკიცებით, პარტიაში რჩება თინა ბოკუჩავაც, თუმცა სააკაშვილის მოულოდნელი გადაწყვეტილება და ძალაუფლების გადანაწილების პროცესი, პარტიის წევრებს შორის ღია დაპირისპირების მიზეზია.
პარტიის ინსტიტუციურ კრიზისზე საუბრობს ლევან ბეჟაშვილი და რადიკალურ გადატვირთვას ითხოვს. ამბობს, რომ თავმჯდომარის არჩევნების გარეშე, პირდაპირ დანიშვნა თავის დროზე შეცდომა იყო. ამ ფორმით კი პოსტი თინა ბოკუჩავამ დაიკავა.
კულუარებიდან საჯარო სივრცეში გადმოტანილი დაპირისპირების პარალელურად, მოქმედმა თავმჯდომარემ საკუთარი ჩანაცვლების გეგმის შესახებ სოციალური ქსელიდან გაიგო. თინა ბოკუჩავა ციხიდან მიღებულ გადაწყვეტილებებს "იმპულსურსა და არათანმიმდევრულს" უწოდებს და ამბობს, რომ პარტია სწორედ ამან მიიყვანა კრიზისამდე.
