UFC-ის აღმასრულებელი დირექტორის, დანა უაითის განცხადებით, ჯასტინ გეიჯისთან მარცხის შემდეგ, ილია თოფურია ოქტაგონიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა UFC White House-ის შემდგომ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ თოფურიამ მძიმე დაზიანებები მიიღო და ამ ეტაპზე მთავარი მიზანი გამოჯანმრთელება და ძალების აღდგენაა.

UFC-ის უკვე ყოფილ ჩემპიონს მსუბუქ წონაში, ორივე თვალის არეში სერიოზული დაზიანებები და ძლიერი შეშუპება აღენიშნებოდა, რის გამოც მესამე რაუნდის შემდეგ ბრძოლა თითქმის შეწყდა.
მეოთხე რაუნდის ბოლოს მან კორპუსში მუხლით დარტყმაც მიიღო, რამაც მისი მწვრთნელები აიძულა ბრძოლა გაეჩერებინათ, რითაც გეიჯი ჩემპიონად გამოცხადდა.

"ჩვენ ის ოქტაგონიდანვე გავიყვანეთ, სანამ გამარჯვებულის ხელს საერთოდ აღმართავდნენ და საავადმყოფოში გავგზავნეთ. ილია კლინიკაშია, ის მძიმედაა დაშავებული. ექიმი არ ვარ, მაგრამ მისი თვალი ისე გამოიყურებოდა, თითქოს ორბიტალური ძვალი აქვს გატეხილი. თუმცა ეს ზუსტად არ ვიცი, ფაქტი არ არის, უბრალოდ ვვარაუდობ", - განაცხადა უაითმა.

მისივე თქმით, ახლა მებრძოლისთვის პრიორიტეტული დასვენებაა: „ჩემი გეგმაა, რომ ის სახლში წავიდეს, დაისვენოს და ძალები აღიდგინოს. ეს საღამო მისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ახლა მხოლოდ ის მინდა, დავრწმუნდე, რომ ჯანმრთელადაა, კარგადაა და მის მომავალ ბრძოლაზე საერთოდ არ ვფიქრობ. მინდა, უბრალოდ შინ დაბრუნდეს, განიტვირთოს, დაისვენოს და გამოჯანმრთელდეს“.