იტალიის სანაპირო დაცვის განცხადებით, მალტის სანაპიროსთან, მიგრანტების გადამყვანი ნავის ჩაძირვის შემდეგ, 10 ცხედარი იპოვეს, სამძებრო სამუშაოები კი გრძელდება. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
"ნავზე, რომელიც ლიბიის სანაპიროდან გავიდა, დაახლოებით 60 ადამიანი იმყოფებოდა. ბოლო ინფორმაციის თანახმად, ტერიტორიაზე მყოფმა სათევზაო გემმა დაახლოებით 48 ადამიანი ცოცხალი იპოვა", - ნათქვამია განცხადებაში.
სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ მალტამ სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში "დახმარება ითხოვა მას შემდეგ, რაც წყალში მიგრანტების ნავი ჩაიძირა".
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მონაცემებით, წელს, ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთის მცდელობისას, სულ მცირე, 827 ადამიანი დაიღუპა.
