აშშ-ის სამხედროებმა, წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში, მორიგი იერიში განახორციელეს ნავზე, რომელიც ნარკოტიკების გადატანაში იყო ეჭვმიტანილი.
დარტყმის შედეგად გემზე მყოფი ერთი პირი გარდაიცვალა, ორი კი გადარჩა, ინფორმაციას Nbc News-ი ავრცელებს.
აშშ-ის სამხრეთ სარდლობის მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ ნავი აფეთქებამდე ძალიან სწრაფად გადაადგილდება.
სამხრეთ სარდლობის ინფორმაციით, „დაუყოვნებლივ აცნობა აშშ-ის სანაპირო დაცვას გადარჩენილთა სამძებრო-სამაშველო სისტემის გააქტიურების შესახებ“.
მედიის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ წარმოებული ოპერაცია ლათინური ამერიკის წყლებში, მათ შორის, აღმოსავლეთ წყნარ ოკეანესა და კარიბის ზღვის აუზში, ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი გემების დაბომბვას ითვალისწინებს.
ოპერაცია სექტემბრის დასაწყისიდან მიმდინარეობს და სულ მცირე 194 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
სამხედროებს არ წარმოუდგენიათ იმის მტკიცებულებები, რომ ამ ნავებიდან რომელიმეს ნარკოტიკები გადაჰქონდა.
