"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლევან ხაბეიშვილის საქმეზე სსკ-ის 339-ე მუხლი (ქრთამის დაპირება) გადაკვალიფიცირდა 318-ე მუხლის პირველ ნაწილზე (საბოტაჟი), რის საფუძველზეც განესაზღვრა აღნიშნული სასჯელი.

ამასთან, ხაბეიშვილს ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლითაც, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდებას გულისხმობს.

ხაბეიშვილთან ერთად მსჯავრდადებულ, მურთაზ ზოდელავას კი სასამართლომ 9-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ან გამოძიებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.

კერძოდ, გამოძიება ზოდელავას ედავებოდა, რომ ის უკანონოდ ჩაერია სუს-ის გამომძიებლის საქმიანობაში და ჩხრეკის განჩინების მიუხედავად, ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის გადამალვა სცადა.

განაჩენის გამოცხადებას ბრალდებულები არ ესწრებოდნენ.