"არათუ პატრიოტიზმზე და სამშობლოს სიყვარულზე არ არის შესაძლებელი მათთან საუბარი, არამედ ადამიანებს თვალები აქვთ დაბნელებული, რომ უცხოელმა შეაქოს, ინგლისურად გაიგონ რამდენიმე საქებარი სიტყვა, ამის იქით არაფერი აინტერესებთ, რა დაემართებათ ჩვენს ქვეყანას", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

პაპუაშვილმა, ოპოზიციის ნაწილი მოღალატეებად მოიხსენიებს და მათ ყორღანაშვილი უწოდა. მისი თქმით, ალბათ, თავის დროზე, ყორღანაშვილსაც ჰქონდა თავის გასამართლებელი მიზეზი და დღეს, მის მსგავსად, ოპოზიციის ნაწილსაც ექნება, თუმცა ისტორია ყველას სათანადო პასუხს გასცემს.

"ეს ყველაფერი ფარსია, რასაც აკვირდებით. როდის იყო "ლელო" სხვაგან და გვარამია სხვაგან, ან გახარია სხვაგან და მელია სხვაგან?.. ერთი ჯგუფია - მარგინალური ადამიანების ჯგუფი. აქ რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, რამდენიმე ასეულია თუ რამდენიმე ათასია, მარგინალი ნიშნავს, რომ ის არის საზოგადოების ისტორიული კონტექსტიდან ამოვარდნილი ადამიანი.

ეს არის ერთი ჯგუფი, რომელთაც ერთადერთი მიზანი აქვთ, რომ უცხოელმა შეაქოს. აქამდე დეგრადირდა ადამიანების ჯგუფი, რომ არათუ პატრიოტიზმზე და სამშობლოს სიყვარულზე არ არის შესაძლებელი მათთან საუბარი, არამედ ადამიანებს თვალები აქვთ დაბნელებული, რომ უცხოელმა შეაქოს, ინგლისურად გაიგონ რამდენიმე საქებარი სიტყვა, ამის იქით არაფერი აინტერესებთ, რა დაემართება ჩვენს ქვეყანას. ეს არის მათი მთავარი პრობლემა.

პოლიტიკოსებს რაც შეეხებათ, მათ გადადგეს ღალატის ნაბიჯი და როცა ღალატში შევა ადამიანი, ვიცით ისტორიიდანაც რა შედეგები აქვს ამას - ყორღანაშვილსაც ექნებოდა თავის გასამართლებელი რაღაც, ალბათ არგუმენტები, როგორც ესენი მოიშველიებენ, მაგრამ ისტორიამ ყველაფერს გასცა პასუხი. როდესაც შენი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიხარ, სხვის ინტერესებს ითვალისწინებ, მაშინ ხარ ყორღანაშვილი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.