პაკისტანმა, შეერთებულ შტატებს გადასცა ირანის მიერ გადახედილი წინადადება ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების შესახებ და გააფრთხილა, რომ ორივე მხარეს "ცოტა დრო" აქვს უთანხმოებების მოსაგვარებლად, - ამის შესახებ Reuters-ი პაკისტანურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

მედიის ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ესმაილ ბაგაიმ მოგვიანებით დაადასტურა, რომ თეირანის შეხედულებები "ამერიკულ მხარეს პაკისტანის მეშვეობით გადაეცა", თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

პაკისტანურმა წყარომ, Reuters-ს გადახედილი წინადადების დეტალები არ მიაწოდა. კითხვაზე, დასჭირდება თუ არა დრო უთანხმოებების მოგვარებას, წყარომ უპასუხა, რომ მხარეები "მუდმივად ცვლიან მიზნებს" და დასძინა: "ბევრი დრო არ გვაქვს".

ცნობისთვის, ირანზე აშშ-სა და ისრაელის საჰაერო დარტყმებით დაწყებული ექვსკვირიანი ომის შემდეგ, მხარეებს შორის მყიფე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დამყარდა, თუმცა პაკისტანის შუამავლობით წარმოებული მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება "გადარჩენის ზღვარზეა".