იგორ ბლაჟევიჩის გეგმის რეალურობა დადასტურდა - ღამით აქციაზე პროცესი ზუსტად ისე განვითარდა, როგორც ეს, "პრაიმ ტაიმის" ინფორმაციით, უცხოელი კონსულტანტის გეგმით იყო გაწერილი. ოპოზიციის ლიდერებმა ბლაჟევიჩის დავალებულ თემებზე ისაუბრეს და, მისივე დავალების მიხედვით, აქციის ბოლოს საზაფხულო კამპანიის დაწყება დააანონსეს.

"სტრატეგია აღმაშენებლის" დამფუძნებლის, გიორგი ვაშაძის თქმით, კამპანიის სლოგანი - "საქართველო იმსახურებს უკეთესს" - 200-კაციან შეხვედრაზე განიხილეს და ის თავად ხალხისგან მოდის.

"ეს სლოგანი განვიხილეთ 200-კაციან შეხვედრაზე. ხალხს ვკითხეთ, შაბათს რომ გვქონდა შეხვედრა, და ვკითხეთ ადამიანებს, რას ფიქრობთ ამ სლოგანზე. იქ განვიხილეთ და რა არის აქ განსაკუთრებული? პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს სლოგანი მოდის ხალხისგან. მეტროებთან რომ ვიდექით და ხალხს ვხვდებოდით, მათგან მოდის. არ ვიმსახურებთ მართლა უკეთესს? ჩვენ წინასწარ ვთქვით, რას და როგორ ვაპირებდით. გაცილებით მეტი გვქონდა დაგეგმილი აპარატურა, ნორმალურად რომ შეგვეტანა, სხვადასხვა ინიციატივა, ეს მომავალში იქნება. შეეშვით ამ ტყუილებს. იყო გაცილებით მეტი [ადამიანი აქციაზე], ვიდრე მე მოველოდი და ამისთვის დიდი მადლობა“, - აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე.

"პრაიმ ტაიმმა" გუშინ ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია, თუ რას აპირებდა ოპოზიცია უცხოელი კონსულტანტის, იგორ ბლაჟევიჩის მითითებებით.