„დღესდღეობით ევროპის ქვეყნებში არსად არსებობს დიუშენის სინდრომის სამკურნალო მედიკამენტი. იქაც, ისევე როგორც ჩვენთან, მხოლოდ განხილვა მიმდინარეობს ამა თუ იმ მედიკამენტის შეტანის თაობაზე“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.
მისი თქმით, ჟენევაში ვიზიტისას, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 79-ე ასამბლეა მიმდინარეობდა, საქართველოს დელეგაციამ 15-ზე მეტი შეხვედრა გამართა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, ბრიტანეთის, ირლანდიის, პოლონეთის, იტალიის, საფრანგეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრებთან და ყველა მათგანმა აღიარა, რომ დღესდღეობით არც ერთ ამ ევროპულ ქვეყანაში არ არსებობს დიუშენის სინდრომის სამკურნალო წამალი.
„ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, სრულად დადასტურდა პირადი შეხვედრების დროს. ეს ქვეყნები ზუსტად ისეთ მდგომარეობაში არიან, როგორშიც ვართ ჩვენ. ჩვენც ვიხილავთ მედიკამენტებს, ვაკვირდებით - რომელი ფარმაცევტული კომპანიის რა მედიკამენტს ავირჩევთ ამ ბავშვებისთვის. ჩვენ გვაქვს კონტაქტი მშობლებთან, ბავშვებთან, მათ ექიმებთან, რათა ჩვენი შვილებისთვის საუკეთესო მედიკამენტები ავირჩიოთ“, - აღნიშნა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ზაზა ლომინაძემ ფრაქცია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს მოუწოდა, თავი დაანებონ ასეთი სენსიტიური თემით პოლიტიკურ სპეკულაციებს.
„თქვენ იცით, რა მიმართულებებზე ვმუშაობთ და ეს არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. ამავე დროს, ნათელია ის დამოკიდებულება, რომელიც ჩვენმა ეკლესიამ გამოიჩინა - შეხვდა ამ ბავშვების მშობლებს და კიდევ ერთხელ გამოთქვა სურვილი, ხელისუფლებასთან ერთად გადავწყვიტოთ ეს პრობლემა. ძალიან გთხოვთ „გახარების გუნდს“, გაანებეთ თავი პოლიტიკურ მანიპულაციებს. ეს ურთულესი, სენსიტიური თემაა. თქვენ ახლა ამ სიტყვებით თამაშობთ და ეს არ არის სათამაშო თემა. ეს ეხება ჩვენს ბავშვებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. თქვენ გინდათ, პოლიტიკური ქულები დაიწეროთ დიუშენით დაავადებული ბავშვების ხარჯზე და ეს არ გამოვა“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
