"ჰადსონის ინსტიტუტის“ ანგარიშზე დაყრდნობით, რომელიც გიორგი კანდელაკმა და ლუკ კოფიმ მოამზადეს Washington Post-ი სარედაქციო წერილს აქვეყნებს. რედაქტორთა კოლეგია სტატიაში წერს, რომ საქართველო ამერიკას შორდება და ირანის ორბიტაზე გადადის.
სტატიის ავტორები არგუმენტად ასახელებენ „ჰადსონის ინსტიტუტის“ ბოლო ანგარიშს, სადაც კოფი და კანდელაკი წერენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ირანთან საეჭვო კავშირები აქვს, თუმცა ტრადიციულად ამის დამადასტურებლად არცერთი ფაქტი და მტკიცებულება არ მოჰყავთ.
მმართველი გუნდი კვლავ ოპონენტების მხრიდან ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ მოღალატეობრივ ქმედებებზე საუბრობს.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს ყველაფერი საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ანტიქართული ტალღის ნაწილია. მან გიორგი კანდელაკზეც ისაუბრა და ის სერგო ორჯონიკიძეს შეადარა.
"როგორც იტყვიან, ყოველი ანტიქართული სტატიის უკან დიდი ფული იმალება. ასე რომ, ეს კიდევ ერთი ლობისტური პროდუქტია, რომელიც შემდეგ ლობისტების ანგარიშზე აღმოჩნდება. სერგო ორჯონიკიძეზე რომ ვსაუბრობთ ხოლმე, ხომ გვაინტერესებს რა ადამიანი იყო, რატომ ჩაიდინა ის, რაც ჩაიდინა - საქართველოში უცხო ქვეყნის ჯარს შემოუძღვა და ისე დააკარგვინა დამოუკიდებლობა. შეხედეთ გიორგი კანდელაკს და მიხვდებით, როგორი ტიპაჟი იყო სერგო ორჯონიკიძე. ასეთები იყვნენ. ხომ გვიკვირს ხოლმე, როგორ ცხოვრობდნენ ისინი იმ საზოგადოებაში, როგორ ჰქონდათ ურთიერთობა სხვებთან. აი, შეხედეთ გიორგი კანდელაკს. ყველას, ვინც საკუთარ ქვეყანას ღალატობს, თავისი გულშემატკივრებიც და გარშემო ხალხიც ჰყავს - ჯგუფი, რომელიც ყოველთვის ერთმანეთს აგულიანებს და ამ ღალატში ამყარებს. მაგრამ როგორც სერგო ორჯონიკიძის უკან იდგა სხვების ხელი და ზრახვები, ზუსტად ასე დგას გიორგი კანდელაკის უკანაც სხვების ხელი და განზრახვები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
