4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებულმა კიდევ 6-მა ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. საქმის პროკურორის განცხადებით, დაკავებულებმა აღიარებასთან ერთად დანაშაული მოინანიეს, რის გამოც მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება.

საქმის ფარგლებში პასუხისგებაში მიცემული 64 პირიდან სახელმწიფო ბრალდებას 21-მა უკვე მიმართა აღიარებით და საპროცესო შეთანხმება ითხოვა. მათ გაუფორმდებათ შეთანხმება სამი წლით პირობით მსჯავრზე. წინა კვირას დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებულ კიდევ 15 პირს.

დაკავებულებს პროკურატურა 4 ოქტომბერს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებას, ბლოკირების მცდელობას და ჯგუფურ ძალადობას ედავება.

'ბრალდებულებმა მომმართეს ბრალდების მხარეს, აღიარეს ბრალად წარდგენილი ქმედება, უდავოდ მიიჩნიეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები და საპროცესო შეთანხმების მოლაპარაკების ფარგლებში მივაღწიეთ საპროცესო შეთანხმებას კონკრეტულ პირობასთან დაკავშირებით და ხელმოწერილი ოქმები წარვადგინეთ სასამართლოში. ამ მოტივით ვიშუამდგომლეთ მოცემული სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილიყო აღნიშნული ბრალდების მიმართ საქმის განხილვა. ამ ბრალდებულებთან მიმართებით, რომელთანაც დღეს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, მათ ჰქონდათ მომართული, აღიარებდნენ, საქმე იქნა უდაოდ მიჩნეული", - აცხადებს პროკურორი თამარ იაკობიძე