აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაშინგტონმა უკრაინის მიმართ პოლიტიკა შეცვალა.
მისი თქმით, პენტაგანს არ გაუცია ბრძანება სატელიტური საკომუნიკაციო მომსახურების შეზღუდვის შესახებ და ცდილობს უზრუნველყოს, რომ აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს "პატრიოტის" ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებისთვის საკმარისი ჩამჭრელი რაკეტები ჰქონდეთ.
"პრესაში ბევრი რამ ითქვა ომის დეპარტამენტის შესახებ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება", - განუცხადა ჰეგსეთმა ჟურნალისტებს, როდესაც ჰკითხეს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომლის თანახმადაც, პენტაგონი მოკავშირე ქვეყნებიდან უკრაინისთვის განკუთვნილი "პატრიოტის" ჩამჭრელი რაკეტების მიწოდებას აყოვნებდა.
"უკრაინის მიმართ ჩვენი პოლიტიკა არანაირად არ შეგვიცვლია, თუმცა, რა თქმა უნდა, ისეთი საშუალებების შემთხვევაში, როგორიცაა რაკეტების ჩამჭრელი სისტემები, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს სამხედროებს ის საკმარისად აქვთ", - განაცხადა მან.
ჰეგსეთმა დაამატა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმირებული იყო.
კითხვაზე, ვრცელდებოდა თუ არა მისი განცხადება, აშშ-ის მხრიდან უკრაინის მიმართ უცვლელი პოლიტიკის შესახებ Starshield-ის სატელიტური ქსელის მომსახურებაზეც, ჰეგსეთმა უპასუხა, რომ ვაშინგტონს მხარდაჭერა არ შეუწყვეტია.
"ჩვენ არაფერი შეგვიზღუდავს. არსებობს მომსახურების პირობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია და საბოლოო გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა სწორედ Starlink-ს აქვს. თუმცა, ჩვენი პოზიციიდან გამომდინარე, არაფერი შეცვლილა. ჩვენ არანაირი დირექტივა ან მსგავსი მითითება არ გაგვიცია", - განაცხადა მან.
მედიის ინფორმაციით, ჰეგსეთის განცხადებები იმ ცნობების ფონზე გაკეთდა, რომლებშიც ეჭვქვეშ აყენებდნენ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხის მართვას და უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გამოყენებული სატელიტური საკომუნიკაციო მომსახურების მდგომარეობას.
