აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ სავარაუდო ტერორისტული შეთქმულების უკან, რომლის სამიზნეც აშშ-ის სამხედროების მიერ გამოყენებული ბრიტანული სამხედრო ბაზა იყო, "უცხოელი ძალა" ფიგურირებს. ამით მან გამოძიების შესახებ ბრიტანეთის ხელისუფლებაზე მეტი ინფორმაცია გააჟღერა, - წერს CNN-ი.
"ის, რაც ამ შაბათ-კვირას მოხდა, შეიძლებოდა ძალიან სერიოზული საფრთხე ყოფილიყო და მართლაც გახდა", - განაცხადა რუბიომ და დასძინა, რომ "წინ კიდევ ბევრი სიახლეა".
"ამ საქმეში აშკარად უცხოელი ძალაა ჩართული. ახლა დეტალებში არ შევალ", - დასძინა მან.
მედიის ინფორმაციით, ხუთი მამაკაცი, რომელთა ვინაობაც არ საჯაროვდება, კვირას დასავლეთ ინგლისში, ფეირფორდის ბაზასთან ახლოს დააკავეს. ამ ბაზიდან აშშ-ის B-1 ტიპის ბომბდამშენები ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მისიებს ასრულებდნენ.
თუმცა, ეჭვმიტანილები, რომლებიც პოლიციის ინფორმაციით, ბრიტანეთის მოქალაქეები არიან და მათი ასაკი 23-დან 25 წლამდეა ორშაბათს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამ გადაწყვეტილებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კრიტიკით გამოეხმაურა და განაცხადა: "მე ასე არ მოვიქცეოდი".
ტრამპმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილები შესაძლოა ირანთან იყვნენ დაკავშირებული.
"მე ვიცი პასუხი და შემიძლია ძალიან კონკრეტულად ვისაუბრო, მაგრამ მირჩევნია ეს არ გავაკეთო", - განუცხადა მან ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში.
მედიის ინფორმაციით, რუბიოს განცხადებები, რომ საქმეში აშკარად იყო ჩართული უცხოელი ძალა უფრო ცალსახა იყო, მიუხედავად იმისა, რომ მას დეტალები არ გაუსაჯაროებია.
