აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, პრეზიდენტი ტრამპი მზადაა, შეამსუბუქოს ირანის წინააღმდეგ სანქციები და გაათავისუფლოს ირანის აქტივები, თუ სანაცვლოდ თეირანი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს. ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა AXIOS-ი წერს.

მედიის ინფორმაციით, ეს გზავნილი იმ ფონზე ვრცელდება, როდესაც კატარელი და პაკისტანელი შუამავლები ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის შეთანხმების მიღწევას ცდილობენ.

ამჟამად, ძირითად საკითხებთან დაკავშირებით ორივე მხარის პოზიციები მნიშვნელოვნად განსხვავდება. ირანი დაჟინებით მოითხოვს, რომ მოლაპარაკებები ჰორმუზის სრუტეში არსებულ ვითარებასა და აშშ-ის საზღვაო ბლოკადისკენ იყოს მიმართული, ხოლო ტრამპის ადმინისტრაცია ირანისგან ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით დათმობებს მოითხოვს.

მედიის ინფორმაციით, ამის მიუხედავად, აშშ-ის წინადადება დიპლომატიური გარღვევის "იმედის სხივს იძლევა" მას შემდეგ, რაც ტრამპმა ირანის უახლესი შეთავაზება უარყო.

ამასთან, ნიუ-იორკში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის შუამავლები შეხვდნენ, რათა კატარის წინადადება განეხილათ, რომელზეც მხარეები ბოლო დღეების განმავლობაში მუშაობდნენ. მოსალოდნელია, რომ კატარის შუამავლები ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდებიან, რათა მოლაპარაკებებში გარღვევის მიღწევა სცადონ.

აშშ-ის ოფიციალურმა პირმა, რომელსაც არაპირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია აქვს, მოლაპარაკებებს "პოზიტიური და კონსტრუქციული" უწოდა და განაცხადა, რომ ირანი ბირთვულ საკითხებზე პოზიციის გარკვეულ ცვლილებაზე და კომპრომისებზე მზადყოფნაზე მიანიშნებს.

გამოცემის ინფორმაციით, ოფიციალურმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არსებობს უთანხმოებები და ხაზი გაუსვა, რომ შეთანხმება არ იქნება მიღწეული, "თუ ბირთვული საკითხები არ მოგვარდება".

"მხარეებს ჯერ კიდევ განსხვავებული პოზიციები აქვთ ვალდებულებების შესრულების ვადებთან დაკავშირებით და იმაზე, თუ რომელმა მხარე რომელი ნაბიჯი უნდა გადადგას პირველად", - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.

ოფიციალურმა პირმა დასძინა, რომ ბლოკადა და სანქციები ირანს ძირს უთხრის, აშშ-ის პოზიციები კი ყოველდღიურად მყარდება.

"ჰორმუზის სრუტეში მოძრაობა კვლავ იზრდება, ხოლო ბლოკადა და სანქციები ირანის პოზიციებს ძირს უთხრის. აშშ-ის პოზიცია ყოველდღიურად ძლიერდება და პრეზიდენტი ტრამპი მოთმინებით და ურყევად აგრძელებს მიზნისკენ სვლას - არ დაუშვას, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს", - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.

წყარომ ასევე აღნიშნა, რომ თეთრი სახლი სკეპტიკურად უყურებს ირანის დაპირებებს და ირანულ მხარეს ბრალი დასდო წინა ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევაში, როდესაც ჰორმუზის სრუტეში გემები დაბომბეს.

"ამჯერად, აშშ-ს გარანტიები სჭირდება, რომ ირანი სერიოზულად არის განწყობილი და არ ცდილობს უბრალოდ გამოვიდეს იმ რთული სიტუაციიდან, რომელშიც ის აღმოჩნდა“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.

თუმცა, ორშაბათს საღამოს, ტრამპმა სოციალურ მედია პლატფორმა TruthSocial-ზე განაცხადა, რომ ასეთი ცნობები "სიმართლეს არ შეესაბამებოდა".