მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანებიან მმართველ გუნდში.

უმრავლესობა მსჯავრდებულ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ ახსენებს - ევროსაბჭოს რეზოლუციას, ტალიავინის დასკვნას და საგამოძიებო კომისიის მასალებს, რომლებიც, მათი თქმით, სააკაშვილისა და მისი გუნდის მოღალატეობრივ პოლიტიკას ადასტურებს.

მმართველი გუნდი ასევე, მიიჩნევს, რომ სააკაშვილი კვლავ ომის თემით სპეკულირებს.

შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტი, რომელმაც სასამართლო პროცესი პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენა, ამჯერად ამბობს, რომ - 2008 წელს რუსეთი შემოვიდა არა სამიოდე, პრაქტიკულად, ძალიან პატარა სოფლის დასაპყრობად, არამედ მის მოსაკლავად და ქართული სახელმწიფოს დასანგრევად.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, სააკაშვილმა ღალატი კიდევ ერთხელ აღიარა.

"სააკაშვილმა და მისმა მოღალატეობრივმა პარტიამ ღალატზე ხელი რომ მოწერეს, ეს არაერთხელ დაადასტურა.

ეს იყო რეზოლუცია 2008 წლის, სადაც სააკაშვილმა და მისმა თანაპარტიელებმა ქართულ ჯარს დააბრალეს სამხედრო დანაშაული; ეს იყო ტალიავინის დასკვნა, სადაც პირდაპირ წერია, რომ საომარი მოქმედებები სააკაშვილმა დაიწყო; ეს იყო მთელი ის მილიტარისტული რიტორიკა და გადადგმული ნაბიჯები, რაც ჩვენს საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რაც საბოლოო ჯამში, ინტერვენციით, ოკუპაციით დასრულდა - უმძიმესი შედეგით, სადაც, რუსეთთან ერთად, ლომის წილი მიუძღვის სწორედ სააკაშვილს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.