რომის პაპმა ლეო XIV-მ, საფრანგეთის ქალაქ მეცში სიტყვით გამოსვლისას, მრავალმხრივ თანამშრომლობას "დომინირების სურვილის წინააღმდეგ საუკეთესო თავდაცვა" უწოდა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

პაპმა მწუხარება გამოთქვა კონფლიქტებით დამძიმებული მსოფლიოს გამო - ომიდან და შიმშილიდან დაწყებული, ადამიანებს შორის ურთიერთობების გაუარესებით დამთავრებული და არსებულ საზოგადოებრივ გარემოს "სულ უფრო არაცივილიზებული" უწოდა. მან ასევე დაგმო სიცრუე, რომელიც, მისი თქმით, მოქალაქეებსა და მთავრობებს შორის მზარდ უნდობლობას კიდევ უფრო აძლიერებს.

მედიის ინფორმაციით, შუმანის მშობლიურ ქალაქში სიტყვით გამოსვლისას, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროპულ შერიგებასთან, პაპმა განაცხადა, რომ ევროპას შეუძლია ამ მანკიერი წრიდან გამოსვლა კანონის უზენაესობისა და დიალოგისადმი ერთგულების კიდევ ერთხელ დადასტურებით.

"ევროპას შეუძლია ამ მანკიერი წრის გარღვევა სხვების პატივისცემის პრინციპის დაცვით - პრინციპისა, რომელიც მან წარმატებით განავითარა და შეინარჩუნა. ბოლო 80 წლის განმავლობაში ევროპამ ნათლად აჩვენა, რომ შესაძლებელია განსხვავებული მოსაზრებების, მოთხოვნებისა და ინტერესების გამოხატვა დიალოგის საშუალებით და არა კონფლიქტების გზით", - განაცხადა რომის პაპმა.

მედიის ცნობით, პაპმა თავისი სიტყვა ფრანგულ ენაზე, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თანდასწრებით წარმოთქვა. პრეზიდენტი სამშაბათს, ლეოსთან ერთად მესასაც დაესწრება.

როგორც Euronews-ი წერს, მიუხედავად იმისა, რომ პაპს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი პირდაპირ არ უხსენებია, მან დაგმო ის, რასაც ევროპის მიწაზე "ახალი უაზრო ხოცვა-ჟლეტა" უწოდა.

"აუცილებელია, მოთმინებით დიალოგის წარმოება, მოლაპარაკებებში გამბედაობის გამოჩენა და უმაღლესი სიკეთის - მშვიდობის მისაღწევად გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლისთვის მზადყოფნა", - განაცხადა რომის პაპმა.

ლეო XIV-მ ასევე მოუწოდა ევროპელებს, გაიხსენონ კონტინენტის ქრისტიანული ფესვები და ევროპა აღწერა არა მხოლოდ როგორც გეოგრაფიული ერთეული, არამედ როგორც "კულტურული და ისტორიული რეალობა".

"ამიტომ, ევროპაზე ქრისტიანობის ხსენების გარეშე ვერ ვისაუბრებთ", - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ მისი ტრადიციები შეიძლება თანაარსებობდეს კონტინენტის მომავლის ჩამოყალიბების მცდელობებთან.

მისივე თქმით, ევროპა "აყვავდა და განვითარდა მაშინ, როდესაც შეძლო თავისი წარსულის საუკეთესო ასპექტებზე დაყრდნობა და მათი ახალი, შემოქმედებითი გზებით გარდაქმნა სხვებთან ურთიერთობისას".