იემენელი "ჰუსიტი" მეამბოხეების მიერ საუდის არაბეთზე განხორციელებულ თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 73 ადამიანი დაშავდა. ზოგიერთ ენერგეტიკულ ობიექტზე ოპერაციები შეჩერდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, თავდასხმების შედეგად, რამდენიმე ენერგეტიკულ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა და ადამიანები დაშავდნენ.
იემენში საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით შექმნილი კოალიციის განცხადებით, ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა სამხრეთის ქალაქებზე - აბჰაზე, ხამის მუშაიტზე, ჯაზანსა და ნაჯრანზე განახორციელეს თავდასხმები და პირობა დადო, რომ მათ შესაბამის პასუხს გასცემს.
"კოალიცია მიიღებს ყველა აუცილებელ ოპერატიულ ზომას, რათა შეაკავოს ეს ტერორისტული დაჯგუფება და მტკიცედ დაუპირისპირდეს მის მტრულ მოქმედებებს", - აღნიშნა კოალიციის სპიკერმა, პოლკოვნიკმა თურქი ალ-მალიქიმ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა სამეფოს უფლება, მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად, ეროვნული რესურსების დასაცავად და მის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისა და მოსახლეობის უსაფრთხოებისა და დაცულობის შესანარჩუნებლად.
"საუდის არაბეთი არ შეეგუება მის ტერიტორიაზე ან ეროვნულ რესურსებზე მიმართულ არცერთ თავდასხმას, საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად", - აღნიშნულია განცხადებაში.
