აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კრემლთან და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან სამმხრივი შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

"თუ პუტინს და სის სურთ, ჩინეთში სამმხრივი შეხვედრა გამართონ, მე ამის მომხრე ვიქნები. სი ძინპინი უკრაინასთან დაკავშირებით ძალიან სამართლიანად მოიქცა; ის ამ საკითხებში ზედმეტად არ ჩარეულა. იგივე ითქმის რუსეთზეც, მათ თავიანთი შესაძლებლობების სრული მასშტაბი არ გამოუვლენიათ. მათ იციან, რომ მე ამას ვაფასებ", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამავდროულად, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ პუტინთან მოლაპარაკებებს აწარმოებს უკრაინასთან დაკავშირებით და არ აპირებს მოლაპარაკებების შუა გზაზე შეწყვეტას. ტრამპის თქმითვე, რუსეთი უკრაინის მიმართ სათანადოდ მოიქცა: "გულწრფელად რომ ვთქვათ, რუსეთი უკრაინას საკმაოდ ნორმალურად ეპყრობოდა. მათ განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებიათ".

მან ასევე აღნიშნა, რომ პუტინი ირანის საქმეებში არ ერევა: "ეს კარგია, რადგან ჩვენ ირანს ძალიან ძლიერ დარტყმებს ვაყენებთ. რამდენადაც ვხედავთ, რუსეთს ირანში არაფერი გაუკეთებია და ვფიქრობ, ეს დადებითი ფაქტორია", - განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის ლიდერი კვლავ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას ომის დასრულება არ სურს.

"ზელენსკი სიტუაციის მოგვარებას დიდად არ უწყობს ხელს. როგორც ჩანს, მას არ სურს, ეს ყველაფერი დასრულდეს. მე კი მინდა, რომ ადამიანთა სიცოცხლის დაკარგვა შეწყდეს. დროა, უკრაინის სახელით მოლაპარაკებები ვინმე სხვამ აწარმოოს. შესაძლოა, უკრაინისთვის დროა, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ზელენსკის ნაცვლად სხვა კანდიდატურა წარადგინოს", - განაცხადა ტრამპმა.