"ნიკა გვარამიას შეწყალებისას, ისევე როგორც ყველა, სხვა შეწყალებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა მხოლოდ საკუთარი შეხედულებისა და დისკრეციის ფარგლებში," - ამის შესახებ ექსპრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ნიკა გვარამიას შეწყალებასთან "მაკკეინის ინსტიტუტს" არანაირი კავშირი არ აქვს, ხოლო ინსტიტუტის გრანტზე უარი კი, წელს, 2025 წლის 30 აპრილს განაცხადა.
"2023 წელს ნიკა გვარამიას შეწყალებას არანაირი კავშირი არ აქვს "მაკკეინის ინსტიტუტის" რაიმე საქმიანობასთან.
ქრონოლოგიურად კი, "მაკკეინის ინსტიტუტმა" პრეზიდენტს გრანტი 2025 წელის დასაწყისში შესთავაზა, რაზეც ასევე, საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, პრეზიდენტმა წერილობითი უარი 30 აპრილს განაცხადა," - წერს ექსპრეზიდენტი facebook-ის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ "მაკკეინის ინსტიტუტის" განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციისგან მიღებული ნახევარმილიონიანი დაფინანსება მთელ მსოფლიოში პოლიტიკური პატიმრებისა და მძევლების გათავისუფლებაზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერას მოემსახურება. გამოყოფილია მზია ამაღლობელის საქმე, რომელსაც ინსტიტუტი ადამიანის უფლებების ყველაზე მძიმე შემთხვევებს შორის ასახელებს. მის გვერდით გამოყოფს შემდეგ საქმეებს: ხესუს არმასი - ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი; მარია კოლესნიკოვა - ბელარუსი აქტივისტი და აშშ - ისრაელის მძევლები ღაზაში. გამოყოფენ კიდევ ერთ ნაწილს, სადაც "მაკკეინის ინსტიტუტი" აღნიშნავს, რომ ანალოგიურად, გადამწყვეტი როლი ითამაშა ქართველი ჟურნალისტისა და მედიის მფლობელის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებაში, რომელსაც რეპორტაჟებისთვის ჰქონდა მისჯილი სამ წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთა.