ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით, სიჩუან-ცინხაის რკინიგზის მშენებარე მონაკვეთზე, სამშენებლო ფოლადის კაბელის გაწყვეტის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაკარგულად ითვლება.
საგანგებო სიტუაციების შტაბის ცნობით, სიჩუან-ცინხაის რკინიგზის ხიდი ცინხაის მონაკვეთზე ჩამოინგრა, კაბელის გაწყვეტის შედეგად, 108 მეტრის სიგრძის კონსტრუქცია ჩამოვარდა. მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ღამით მოხდა, როდესაც ადგილზე 16 მშენებელი მუშაობდა.
ცინხაის პროვინციის მთავრობის ცნობით, ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
ყვითელ მდინარეზე გადაჭიმული ფოლადის თაღოვანი ხიდის მთავარი მონაკვეთის მშენებლობის დასრულება, მიმდინარე თვის ბოლომდე იყო მოსალოდნელი.