როდის შეხვდებიან ერთმანეთს ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი? კითხვა ისევ პასუხგაუცემელია. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი კრემლის ლიდერს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შეფერხებაში ადანაშაულებს.
პარალელურ რეჟიმში, საერთაშორისო გამოცემა The Guardian იტყობინება, რომ პრეზიდენტების შეხვედრის დაორგანიზების პროცესში, დონალდ ტრამპი აღარ ჩაერთვება, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს სურვილი აქვს, შეხვედრა ორ ლიდერს შორის დამოუკიდებლად შედგეს.
მიმდინარე ომის ფონზე, ევროპელი ლიდერები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შექმნაზე მუშაობენ.
"სწორედ მაშინ, როდესაც მსოფლიო რუსებისგან მკაფიო პასუხს ელის – პასუხს ომის დასრულების მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რუსებმა საჩვენებელი დარტყმა მოაწყვეს, რომელმაც მასშტაბური თავდასხმის სახე მიიღო.
მშვიდობის მიმართულებით პროგრესის მიღწევა მხოლოდ ორი ფორმატითაა შესაძლებელი. პირველი - შეხვედრა ლიდერების დონეზე და მეორე - სამმხრივი შეხვედრა - უკრაინა, ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი.
ჩვენ ეს ვაშინგტონში განვიხილეთ. პრეზიდენტი ტრამპი ამ საკითხზე ტელეფონით ესაუბრა ვლადიმერ პუტინსაც.
სიგნალები, რომლებიც ახლა რუსეთიდან მოდის, სიმართლე გითხრათ, არაფრისმომცემია. ისინი ცდილობენ, თავი აარიდონ შეხვედრას. მათ არ სურთ ამ ომის დასრულება. ისინი აგრძელებენ მასობრივ თავდასხმებს უკრაინაზე და თავდასხმებს ფრონტზე", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.