"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიციას, რომელსაც ქვეყნის შიგნით ყველა სცენარი ჩაუვარდა ტაქტიკა შეაცვლევინეს და ახლა ქვეყნისათვის ვიზალიბერალიზაციის შესაჩერებლად აქტიურ კონსულტაციებს და ამ მიმართულებით თანხების დახარჯვას იწყებენ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღად იქცა, რომელსაც გარე ძალები იყენებენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია უცხოურ დაკვეთას ასრულებს და საზღვარგარეთ მათი ვიზიტები ემსახურება მითითებების მიღებას.

"არანაირი თანხის დახარჯვა ოპოზიციას არ სჭირდება. ისინი ასრულებენ უცხოურ დაკვეთას, არიან მათი გავლენის აგენტები და ჩადიან ცენტრში მითითებების მისაღებად. მთელი ეს პერიოდი ჩვენ ვაკვირდებით ზუსტად ამას, რომ ცალ ფეხზე მდგომი ენჯეოშნიკები და ოპოზიციონერები თავიანთ ცენტრს ესაუბრებიან მხოლოდ, ქართველი ხალხი მათ არ აინტერესებთ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ისინი არიან იარაღი, რომელსაც იყენებს მათი ცენტრი. ასე რომ, ეს ვიზიტები, როგორც არჩევნებამდე, ისე მას შემდეგ ემსახურება ზუსტად იმას, რომ კიდევ ერთხელ იწვნია უცხოურმა გეგმამ საქართველოში მარცხი და ახლა მოხდეს გეგმის გადალაგება, რაღაც ახალი მიდგომების მოფიქრება. ამიტომაც მიდიან საზღვარგარეთ, რომ ადგილზე, კონსპირაციულად, ისე, რომ ქართველმა ხალხმა ეს არ დაინახოს, ვერ გაიგოს, ვის ხვდებიან და რაზე საუბრობენ, კონსპირაციულად მიიღონ დავალებები საქართველოსთვის ძირის გამოსათხრელად", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.