ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაცია უქმდება. ამ თემაზე დღეს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მიზანი ეროვნული ინტერესების დაცვაა. აქცენტს აკეთებენ ინიციატივის მნიშვნელობაზე და "ნაციონალური მოძრაობის" ბრალეულობაზე საუბრობენ. ოპოზიცია ცვლილებას სკეპტიკურად უყურებს.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ხელისუფლება უდიდესი ღალატისთვის ემზადება, რათა მტერს ჩააბაროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები.
"ხელისუფლებაში ყოფნის 13 წლის განმავლობაში, რა გააკეთა თავად "ოცნებამ"? გააკეთა ის, რომ მტერს უხდის ბოდიშს, საერთაშორისო ჟენევის მოლაპარაკების ფორმატს ლამობს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ტერიტორიული დანაწევრებისთვის და რეალურად, ჩემი ანალიზით, ემზადება უდიდესი ღალატისთვის, იმისთვის, რომ საბოლოოდ მტერს ჩააბაროს საქართველოს ოკუპირებული რეგიონები", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
